ბოდრუმის ნახევარკუნძული და  ქალაქი ბოდრუმი
ბოდრუმი - სრულებით განსხვავებული თურქული საზღვაო კურორტი და რეგიონია,  ყველაზე დასავლური არა მხოლოდ თავისი  გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, არამედ სულისკვეთებითაც. აქ ისე, როგორც არსად, საბერძნეთის გავლენა ყველაზე მეტად  იგრძნობა.
ბოდრუმი მდებარეობს  თვალწარმტაც  ნახევარკუნძულზე, სადაც ერთმანეთს ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვა ერთვის.  ამ რეგიონში ბუნება უფრო მდიდარი და საინტერესოა, ვიდრე ანტალიის რეგიონში  - ტერიტორია მთაგორიანი და კლდოვანია, კვიპაროსების, ფიჭვოვანი და სხვადასხვა წიწვოვანი ტყეებით, უზარმაზარი ზეთისხილის ბაღებით, ფორთოხლის ჭალებით. 
ულამაზეს ნახევარკუნძულზე მდებარე კურორტი ბოდრუმი დღესდღეისობით  პოპულარული საზღვაო კურორტის რეპუტაციით სარგებლობს და თურქული ბოჰემის წარმომადგენლების, შემოქმედებითი ინტელიგენციის,  და „ოქროს  ახალგაზრდების“ საყვარელი კურორტია. იგი მდიდარ ადგილობრივებს შორის პრემიალურ და ელიტარულ კურორტად ითვლება. სწორედ ბოდრუმში ისვენებენ თურქი პოლიტიკოსები, ვარსკვლავები და სპორტსმენები. 
ქალაქისა  და კურორტის იერსახე  თურქული კურორტებისგან განსხვავებით უფრო თავშეკავებული და  ნაზია, ლურჯ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი. ბოდრუმის ნახევარკუნძული თურქეთის  ყველაზე დინამიური, მოდური და აქტიური კურორტია.  ცხოვრება აქ ერთი წამითაც კი არ ჩერდება.  ღამეები აქ ხმაურიანი და ცოცხალია.
თურქეთის არც ერთ კურორტს არ გააჩნია ისეთი  მკვეთრი ინდივიდუალობა,   როგორც ბოდრუმს. თითოეული ადამიანი,  ვინც ბოდრუმს სტუმრობს, რაღაც განსაკუთრებულს პოულობს მასში. ბოდრუმი განთქმულია თავისი ოქროსფერი პლაჟებით, სასტუმროებით, ზღვის ღრუბელის ( სპონგილების) მამაცი მომპოვებლებით, ზღვაზე შეყვარებული კაპიტნებითა და მეთევზეებით, თეთრი სახლებით, ღობეებზე შემოხვეული ბეგონიის მეწამული ყვავილებით,   ულამაზესი ყურეებით, გიჟური და უძილო ღამეებით. 
ამ ნახევარკუნძულზე შესანიშნავი პირობებია აფროსნული სპორტის სახეობებისთვის,  წყალქვეშა ცურვისა და თევზაობისთვის. წყალში ყვინთვის მოყვარულებს დააინტერესებთ  წყალქვეშა რიფები, გამოქვაბულები და საოცარი ფორმის შესანიშნავი ქანები. ბოდრუმის  წყლებში მრავლადაა  ყველა ფორმისა და ზომის ნაირნაირი ზღვის ღრუბელი, რვაფეხები და ეგეოსის ზღვის  ბინადართა სხვადასხვა სახეობები. 
ბოდრუმის ნახევარკუნძული  მიმზიდველია თავისი  მიკროკლიმატითაც. კლიმატი აქ  ოდნავ რბილია, ვიდრე თურქეთის სხვა კურორტებზე, ტენიანობა ნაკლებია, ამიტომაც  აქ არ არის გაუსაძლისი სიცხე და ზღვიდანაც მუდმივად მსუბუქი ნიავი უბერავს. საზღვაო სეზონი აქ მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
ბოდრუმის მთავარი სიამაყე მისი  ქვიშიანი ან კენჭოვანი პლაჟებია, კამკამა  ეგეოსის ზღვა, კომფორტული მზის აბაზანები, შესანიშნავი კლიმატი.
ბოდრუმს არ შეიძლება ეწოდოს ბიუჯეტური კურორტი. ევროპელ მომხმარებელზე  და  მდიდარ სეგმენტზე ორიენტაცია  აშკარად იგრძნობა ფასების პოლიტიკაზეც. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები  ანტალიის რეგიონის სასტუმროებთან შედარებით  20 – 30 % -ით მაღალია.
თბილისიდან ზაფხულის სეზონზე ბოდრუმის  მილას საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ჩარტერული რეისები სრულდება. ბოდრუმში მოხვედრა ასევე შესაძლებელია თურქეთის ავიახაზების და  ავიაკომპანია პეგასუსის რეგულარული ტრანზიტული რეისებითაც.  
სხვა  თურქული კურორტების მსგავსად ბოდრუმშიც სუვენირების, ტრადიციული თურქული ტკბილეულისა და ტანსაცმლის უამრავი მაღაზია თუ სავაჭრო ცენტრებია.
ბოდრუმის სამზარეულო კი   თურქული და ხმელთაშუა ზღვის კულინარიული ტრადიციების ნაზავია.


ნახევარკუნძულის 14 ყურეში არის დასახლებული პუნქტები, მეთევზეთა პატარა სოფლები და სასტუმროები. ჩვენი მცირე მიმოხილვით კი ყველას შეეძლება თავად აირჩიოს აქტიური ბოდრუმი ან მშვიდი ტორბა, თავისი ხმაურიანი და კაშკაშა ღამეებით ცნობილი გიუმბეტი , მშვენიერი ბიტეზი ან თურქულ "სენ ტროპედ " აღიარებული - იალიკავაკი.


ქალაქი ბოდრუმი
ბოდრუმი პოპულარული კურორტი და ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ქალაქია თურქეთში, მდიდრული იახტებითა და გემებით სავსე ნავსადგურით, უძველესი ღირშესანიშნაობებით და ფოტოგენური ძველი თეთრი სახლებით. ქალაქი ტურისტებს ხიბლავს თავისი სიმსუბუქით და არაპროგნოზირებადობით. ძველი ქალაქი ბოდრუმის ყველაზე თვალწარმტაცი უბანია, სადაც შემორჩენილია  მეთევზეთა სოფლის ხიბლი.  ძველი უბანი მდებარეობს ცნობილი ციხესიმაგრის უკან და წარმოადგენს  სიმწვანეში ჩაფლულ ვიწრო ქუჩების ლაბირინთს,  თეთრად შეფერილი  და ქვის ძველი სახლებით. 
აქ თავს მოწყენილად  ან იმედგაცრუებულად არავინ გრძნობს.  ქალაქი ბოდრუმი ბარების,  ღამის კლუბების, რესტორნებისა და დისკოთეკების  რეკორდული რაოდენობის გამო   ნამდვილად ქვეყნის ღამის  ცხოვრების დედაქალაქია. მის აღმოსავლეთ ნაწილში არის ცნობილი "ჰელიკარნასი" - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საცეკვაო დარბაზი.
სიძველეებისა და ისტორიის მოყვარულებს ბოდრუმი გულგრილს არ დატოვებს.  ბოდრუმი არის მდიდარ ისტორიული წარსულის მქონე ქალაქი.  ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ქალაქი  ჰელიკარნასი, ცნობილი ჰელიკარნასის მავზოლეუმით, რომელიც მსოფლიოს შვიდ საოცრებათგან ერთ-ერთია.  ჰელიკარნასის მკვიდრი იყო ისტორიკოსი ჰეროდოტეც.   წმ. პეტრეს ციხესიმაგრე,  ამფითეატრი და ქარის თეთრი წისქვილები თანამედროვე ბოდრუმის მთავარი ღირშესანიშნაობები და სავიზიტო ბარათებია. 
ბოდრუმი ორ ნაწილად იყოფა  -  აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილში თავმოყრილია  - გრძელი, ვიწრო, მაგრამ კომფორტული პლაჟები, ბარები, რესტორნები და კლუბები. დასავლეთ ნაწილში   ცხოვრება უფრო მშვიდია. ყველაფერი კონცენტრირებულია  ბოდრუმის მარინისა და იახტების კლუბის გარშემო. აქ არის უფრო ძვირი სუპერმარკეტები და რესტორნები. ხშირი ქარის წყალობით, ეს მხარე ასევე კარგი ადგილია სერფინგისა და წყლის სპორტის სახეობების მოყვარულთათვის.

ბოდრუმი  იალქნიანი სპორტის სახეობების აღიარებული ცენტრია. აქ ყოველწლიურად, ოქტომბრის მესამე კვირას ხის მცურავი აფრიანი  იახტების შეჯიბრი იმართება. ასობით იალქნიანი იახტა მონაწილებს რეგატაში. ჰორიზონტის მიღმა გაშლილი  მცურავი ფლოტის პეიზაჟი წარმოადგენს სანახაობას, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ბოდრუმის პორტში დგას მდიდრული იახტები, ეგეოსის ზღვის საკრუიზო გემები აქ უშვებენ ღუზას. ბოდრუმიდან მოსჩანს საბერძნეთის კუნძულები. იახტურით შესაძლებელია  კლეოპატრას კუნძულზე ,   როდოსსა და კოსზე  გასეირნება.


იალიკავაკი 
ბოდრუმის სენ-ტროპედ წოდებული იალიკავაკ მარინა - მოდის ახალი ტენდენციაა ხმელთაშუა ზღვის რუკაზე.  სინამდვილეში კი იალიკავაკის მარინა გუშინ არ  დაარსებულაა. უკვე ათეული წლებია  ეს ადგილი თავგამოდებულ ზღვაოსნებს იზიდავს. ამ ადგილის სიყვარული არაერთხელ გამოუხატავთ ბილ გეითს, რომან აბრამოვიჩს  და მიკ ჯაგერს. მათი იახტები აქ პოულობდნენ ნავსაყუდელს.  მაგრამ იალიკავაკის მარინას რებრენდინგის შემდეგ ეს ადგილი მიმზიდველი მიმართულება გახდა  არა მხოლოდ მგზნებარე მეზღვაურთათვის , არამედ VIP  საზოგადოებისთვისაც.
რებრენდინგის შემდგომ იალიკავაკი   ქვეყნის ერთ – ერთ ყველაზე მოდურ წერტილად გადაიქცა. აქ თავმოყრილია საუკეთესო კაფეები, კლუბები და ოთხმოცამდე  სახელობითი ბუტიკი, რომლებსაც თურქეთის სხვა ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილას ვერსად ვერ ნახავთ, მათ შორისაა აზიური რესტორანი Zuma და იტალიური Mezzaluna, Rolex და  Vilebrequin- ის მაღაზიები, ეს უკანასკნელი წარმოადგენს საზღვაო ტანისამოსის ექსკლუზიურ მაღაზიას. ღამის ცხოვრებას აქ ისეთი გულისცემა აქვს, რომ  თანდათან უფრო და უფრო ხშირად ადარებენ ესპანურ იბიცას. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიო ტურების ფარგლებში ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. 
იალიკავაკი ძალიან  ლამაზია და მდებარეობს ბოდრუმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მილასის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. თვალწარმტაცი ყურე მთის მწვერვალებითა და გორაკებით არის გარშემორტყმული, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ხედი ასევე შესანიშნავია. გარდა ამისა, 2002 წელს, იალიკავაკის სანაპირომ  მიიღო ცისფერი დროშის ჯილდო კრისტალურად სუფთა წყლისთვის და დღემდე არის ამ სერთიფიკატის მფლობელი.

გიუმბეტი 
ძალზედ ატმოსფერული და მყუდრო,  პოპულარული და  უჩვეულოდ ხალხმრავალი კურორტი გიუმბეტი ფაქტიურად თურქეთის ეგეოსის სანაპიროს დედაქალაქის ბოდრუმის გარეუბანია და ცენტრიდან 3 კმ-ს მოშორებით მდებარეობს.
გიუმბეთი ძალიან კონტრასტულია -  ერთის მხრივ მშვიდი ცისფერი ზღვით, სანაპირო ზოლით, კონცხებითა და ყურეებით, ულამაზესი მანდარინის ბაღებითა და ფიჭვნარით, მშვენიერი  პლაჟებითა და მბზინავი ქვიშით, საკურორტო გარეუბნის სიმშვიდითა და სიმყუდროვეთი, მეორეს მხრივ კი,  მსოფლიოში ცნობილი ღამის კლუბებით, თემატური საღამოებით, დახურული წვეულებებითა და ხალხმრავალი დისკოთეკებით. იგი იმდენად პოპულარულია ტურისტებსა და დამსვენებლებს შორის, რომ დიდი ხანია, რაც ბოდრუმის სავიზიტო ბარათი გახდა.
გუმბეტი არის ღამის ცხოვრების  ეპიცენტრი. ბოდრუმისა  და გუმბეტის  პირველი კლასის კლუბებში  გამოდიან ცნობილი დიჯეები, ღამღამობით ანტიკურ ციხე-სიმაგრეში  იმართება  საკულტო წვეულება - ჰემერა.  უნიკალური ღამის გასართობი  დისკოთეკა მოწყობილია Marine Bodrum Club- ში, გამჭვირვალე ფსკერიან გემზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ყურეში კურსირებს. ღამის დაწესებულებები სავსეა მოცეკვავე აუდიტორიით. გუმბეტი მოქცეულია  ორ კონცხს შორის  და იდეალურ პირობებს უქმნის   როგორც ზღვაზე  დამსვენებლებს , ასევე წყლის  სპორტის სახეობის მოყვარულებს. ბოდრუმსა და აეროპორტთან სიახლოვე,  24 საათიანი გართობა, საუკეთესო ქვიშიანი პლაჟები და ულამაზესი ბუნება, ეს ის ფაქტორებია  რომლებიც  ყველა ასაკისა და რანგის ტურისტებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. დამსვენებლების უმეტესობა ახალგაზრდები არიან. გიუმბეტისადმი ახალგაზრდების სიყვარული სავსებით გამართლებულია. გუმბეტი ხომ წვეულებების, დილამდე გართობის და ცეკვის მოყვარულთა ცენტრია.
ოჯახური დასვენების მოყვარულებიც თავს აქ კომფორტულად  გრძნობენ. კლუბური ცხოვრება  ქალაქის ცენტრში და სანაპიროების გასწვრივ ზოგიერთ ადგილას დუღს, სხვაგვარად გიუმბეტი საკმაოდ მშვიდი ადგილია. გუმბეტის პლაჟები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სუფთაა ბოდრუმში, ისინი დაფარულია წვრილი ოქროს ქვიშით. წყალში შესასვლელი მოხერხებულია,  არის საჭყუმპალაო ადგილები , სადაც ღრმა წყალი  სანაპიროდან მხოლოდ 10 მეტრში იწყება. გუმბეტის ყურის დასავლეთ მხარეში არის ადა ბუაზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "აკვარიუმი".  მინიატურულ ყურეებს აქვს უნიკალური გამჭვირვალეობა - ხილვადობა  აქ 30 მეტრამდეა. აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვით არის შესაძლებელი.
გუმბეტში ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს მაღალი კატეგორიის ოთხვარსკვლავიანი , ფეშენებელური და ლუქს კლასის ხუთვარსკვლავიანი რეზორტული სტილის სასტუმროები, საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტებით. კურორტზე ასევე მრავლადაა ახალგაზრდებზე  გათვლილი დაბალბიუჯეტიანი სამიანები და ჰოსტელები.  

ტორბა
ბოდრუმიდან 5 კმ-ს მოშორებით  კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს 
ბოდრუმის ყველაზე პრესტიჟული და ძალიან მშვიდი გარეუბანი ტორბა. ტორბა ცნობილია ბუნების  უნიკალური  სილამაზით, სიმშვიდითა და სიწყნარით. ეს არის იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც სურს, ახლოს იყოს ბოდრუმის ცენტრთან, ხოლო ამავე დროს, მშვიდი და წყნარი დასვენების მოყვარულია. ტორბა მთლიანად სიმწვანესა და ფიჭვნარშია  ჩაფლული. ყურეებითა და უბეებით შეჭრილ-შემოჭრილ სანაპიროზე   განთავსებულია  თანამედროვე, კლუბური სტილის, მაღალი კატეგორიის და ცნობილი ქსელის სასტუმროები ქვიშისა  და  კენჭის მცირე ზომის პლაჟებით ან პლატფორმებით, შესანიშნავი რესტორნებითა და მყუდრო ბარებით,  კურორტის პატარა ყურეში ღუზას უშვებენ  ადგილობრივი მეთევზეების  გემები და იახტები.
როგორც ნახევარკუნძულის სხვა რაიონებში, ტორბაშიც არის შემორჩენილი უძველესი სოფლების ნანგრევები, სამარხები  და ბიზანტიური ეკლესიის ნაშთები.

ბიტეზი
ბიტეზის ყურე,  რომელიც  ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული ადგილია ნახევარკუნძულზე და არც ისე უსაფუძვლოდ: ის  იდეალურია  მათთვის, ვისაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად შედარებით  წყნარი დასვენება სურს.  ბოდრუმიდან 7 კმ-ის მოშორებით მდებარე ბიტეზი ბევრ ტურისტს იზიდავს თავისი კარგი ინფრასტრუქტურით,  ციტრუსის  ბაღებითა  და ფიჭვნარით, განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტებითა და თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი. ბიტეზის წყალმარჩხი ყურე საუკეთესო ადგილია  ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის.  აქ მრავალი სასტუმრო, ბარი თუ  რესტორანია. სასტუმროები, კაფეები და ბარები ჰარმონიულად ერწყმის ულამაზეს ლანდშაფტს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად ბუნება და ჰაერი აქ  შესანიშნავია და ეს ყველაფერი ციტრუსისა და ფიჭვის ხეების  წყალობით, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც ჩრდილით უზრუნველყოფენ დამსვენებლებს. 
სანაპირო ზოლის გასწვრივ პრომენადაზე მრავალრიცხოვანი კაფეები და რესტორნებია, რომლებიც  კლიენტებს  პლაჟზე ყველა სახის მომსახურებას სთავაზობენ. 
ტურისტული ობიექტების უმეტესობას მცირე სასტუმროები და პანსიონები წარმოადგენს, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში კი შექმნილია ყველა პირობა საუკეთესო დასვენებისთვის.

შვებულების გასატარებლად ბიტეზი მართლაც რომ   შესანიშნავი ადგილია. სუფთა ზღვა ლამაზი ფსკერით, თეთრი ქვიშა, ციტრუსისა და ფიჭვოვანი ტყეებით გაჯერებული ჰაერი უამრავ დადებით ემოციას და შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

ტურგუტრეისი
ბოდრუმიდან 20 კმ-ის მოშორებით  მდებარე ტურგუტრეისი სიდიდით   ნახევარკუნძულის მეორე ქალაქია. ამ ქალაქის სახელწოდება  ოსმანური იმპერიის სახელგანთქმულ ადმირალ  ტურგუტ რეის უკავშირდება.  თანამედროვე ტურგუტრეისი  ბოდრუმის ნახევარკუნძულის მსხვილი მუნიციპალური, სატრანსპორტო და კომერციული ცენტრია. ტურგუტრეისი არამარტო საქმიანი ქალაქი, არამედ  საკმაოდ განვითრებული კურორტია  და ამჟამად კონკურენციასაც კი უწევს ბოდრუმს თავისი პოპულარობით. ტურგუტრეისის სანაპიროები იდეალურია სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარულთათვის. დამსვენებლებს აქ ელით ფართო, ქვიშიანი პლაჟები, ციტრუსის ბაღები, როგორც მაღალი კატეგორიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები , ასევე  საშუალო ოთხიანები და  სამიანები, თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, მოდური ღამის კლუბები, სანაპირო რესტორნები, ბარები და დიდი ნავსადგური, რომელსაც ერთდროულად 500-მდე იახტის მიღება შეუძლია.  სწორედ ტურგუტრეისში იმართება   ოქტომბრის ცნობილი ფრეგატა.  მიუხედავად ამ ყველაფრისა ტურგუტრეისი მაინც არ ითვლება  გასართობ ადგილად, ხმაურიანი წვეულებების მოყვარულები  ბოდრუმს სტუმრობენ.
ტურგუტრეისის სიახლოვეს ზღვაში მრავალი კუნძულია მიმოფანტული,  სხვათაშორის  თითქმის ყველა კუნძული საბერძნეთს ეკუთვნის. ადგილობრივები რეგულარულად სტუმრობენ ამ კუნძულებს, თავად ტურგუტრეისში კი ბევრი  ბერძენი ცხოვრობს.
ტურგუტრეისი საკმაოდ ქარიანი მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ  ირგვლივ მდებარე კუნძულები მას ძლიერი ქარისგან იცავს.  ტურგუტრეისში მდებარეობს  იახტკლუბი  ცნობილი  D-Marin Turgutreis-ი . მის ტერიტორიაზე არის ბიჩქლაბი,  რესტორნები და კაფეები, სავაჭრო ცენტრი, აუზი და საუნა, ფიტნეს  ცენტრი და ჩოგბურთის კორტები, ამფითეატრი, ასევე ღია კინოთეატრი.
ტურგუტრეისის მიმზიდველი, საუცხოო, მშვიდი და  მეგობრული გარემო ჭეშმარიტად  სასიამოვნო და  უდარდელი დასვენების საშუალებას იძლევა. 

გიულტურკბუკუ  
ბოდრუმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ბოდრუმიდნ 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს  თურქული ელიტის საყვარელი  კურორტი  გიულტურკბუკუ.  იგი ბორცვებზე გაშენებული ფიჭვნარებით, ზეთისხილის და ციტრუსის   ბაღებით   ნახევარკუნძულის ყველაზე გამწვანებულ  ადგილად ითვლება. 
ზაფხულში,  მაღალ ტურისტულ სეზონზე აქ მრავალ ცნობილ სახეს შეხვდებით. ყურე ივსება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იახტების ციმციმა შუქებით. ეს არის საყვარელი დასასვენებელი ადგილი „ოქროს" ახალგაზრდობისა და თურქული ელიტის მრავალი წარმომადგენლისთვის.ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თურქული  ტურისტული ინფრასტრუქტურა ფეხს იდგამდა, გიულტურკბუკუ  ადგილობრივ ინტელიგენციას შორის უკვე მოდურ ადგილად ითვლებოდა. იზოლირებული ადგილების, სუფთა ჰაერისა და ზღვის სიახლოვის მოსაძებნად, მწერლებმა და მხატვრებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა სახლების აშენება დაიწყეს.
მოგზაურებმა იციან, რომ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები  ელოდებათ. მანდალიას ყურეში  არის შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟები, ხოლო სანაპიროზე გასწვრივ ათობით  კომფორტული სასტუმროა გადაჭიმული. ზღვის პროდუქტების საოცარი კერძები, საუკეთესო რესტორნები და მოდური კლუბები.