ანტალია და ანტალიის რეგიონი

სტუმართმოყვარე ანტალია თქვენს შვებულებას  დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქცევს, რომლის მოგონებები სამუდამოდ დარჩება თქვენს გულში.


ალბათ არ დარჩენილა მსოფლიოში ზღვაზე დასვენების მოყვარული, ვისაც არ სმენია ანტალიის შესახებ. ანტალია - თურქეთის  პოპულარული საზღვაო ქალაქი და  რეგიონია. ანტალია მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში.  ტურისტები, რომლებიც აქ  მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, ბრწყინვალე პლაჟებისა და ტრადიციული თურქული კულტურის შესანიშნავი კომბინაციით ტკბებიან.  ანტალიის რეგიონში   უხვადაა  თანამედროვე სასტუმროები, მრავალი რესტორანი, ტრადიციული თურქული ყავახანები, გასართობი ცენტრები და დისკოთეკები, უამრავი მაღაზია და სავაჭრო ცენტრი, აკვაპარკები. ანტალიის რეგიონი  ნამდვილი სამოთხეა  საზღვაო დასვენებისა და საწყალოსნო  სპორტის სახელობის მოყვარულთათვის.

ქალაქ ანტალიის  აღმოსავლეთ გარეუბანში არის უზარმაზარი აეროპორტი, რომელიც  ფრენებს მთელი ევროპიდან იღებს. ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე თბილისიდან  პირდაპირი  ჩარტერული რეისები დაფრინავს.  ანტალიაში მოხვედრა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ავიაკომპანიების რეგულარული ტრანზიტული  რეისებითაც და ავტობუსითაც.

ანტალია აერთიანებს თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე  პოპულარულ საკურორტო რეგიონებს: ქემერს, ანტალიას, ბელეკს, სიდესა და ალანიას. თითოეულ რეგიონში შედის მცირე დასახლებული პუნქტები განვითარებული ინფრასტრუქტურითა და პლაჟების  მიმდებარედ გაშენებული სხვადასხვა კატეგორიის უზარმაზარი  სასტუმრო-რეზორტული ტიპის კომპლექსებით. საზღვაო სეზონი აპრილიდან  იწყება  და ოქტომბრის შუამდე გრძელდება.


ანტალია

ანტალია არის რეგიონის ცენტრალური ქალაქი.  ანტალია თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს უდიდესი ქალაქი და თურქული რივიერის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა, დიდი რაოდენობით სავაჭრო ცენტრები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. სწორედ ანტალიის აეროპორტში ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც  თავიანთი არდადეგების გატარება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სურთ. ქალაქი მდებარეობს  ანტალიის ყურის გასწვრივ. აქ არის სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროები, როგორც გამორჩეული ტურისტებისთვის, რომელთაც ზღვაზე დასვენება სურთ, ასევე მათთვის, ვინც ქალაქში ბიზნესისთვის ჩადის. ანტალიაში შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ქვიშიანი, ასევე კენჭიანი პლაჟები. ყველაზე ცნობილი და პოპულარული სანაპიროებია  კონიაალტი( Konyaalti),  ლარა (Lara),  ალადარი (Adalar).

ამ ქალაქის პოპულარობა არავითარ შემთხვევაში არ არის გლობალური ტურიზმის ეპოქის დამსახურება. ანტალია მსოფლიო რუკაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოჩნდა. ქალაქი, განსაკუთრებით მისი ძველი ცენტრი, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკურორტო ქალაქი. ანტალიის ისტორიული ცენტრის შესასვლელში აღმართულია 2000 წლოვანი  ანტიკური ნაგებობა   - ადრიანეს კარიბჭე,  ანტალიის ერთ- ერთი ყველაზე ლამაზი ანტიკური ძეგლი. ძველი ქალაქის არქიტექტურაში  შეინიშნება  რომის, ბიზანტიის, ოსმალეთისა და თურქული ეპოქის ელემენტები. ძველ ქალაქში უამრავი სხვა უძველესი ნაგებობაა - საცხოვრებელი სახლები, აბანოები და მეჩეთები, მათ შორის გამორჩეულია ანტალიის მთავარი სიმბოლო - ივლის მინარეთი. ანტალიის  პოპულარულ სანახაობებს შორის არის ასევე - დუდენის ჩანჩქერი  და ძველი ნავსადგური, რომელიც ძველი ქალაქის ნაწილია

აკსუს  რაიონში შემორჩენილია უძველესი ქალაქის პერგეს ნანგრევები -   ციხესიმაგრის კედლები, ამფითეატრი, სტადიონი, აბანოები, აგორა და ა.შ.

ღამის ცხოვრება ანტალიაში  ნამდვილი დღესასწაულია. საღამობით იღება უამრავი ბარი და რესტორანი,  ღამით კი  ქალაქი დისკოთეკებისა და  ღამის კლუბების  ცეცხლში ეხვევა.


ქემერი   

კურორტი ქემერი ერთ-ერთი ულამაზესი და ცნობილი საზღვაო კურორტია ანტალიის რეგიონში. ანტალიის საერთაშორისო აეროპორტიდან  ტრანსფერის ხანგძლივობა საშუალოდ  ერთი საათია.  მას აქვს  ყველაფერი, რაც  კომფორტული დასვენებისთვის არის საჭირო. ჰაერის ტემპერატურა ქემერში,  როგორც წესი, რამდენიმე გრადუსით დაბალია, ვიდრე ანტალიის სანაპიროების სხვა რაიონებში. ქემერის რეგიონი  მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლსა და  ტოროსის მთებს შორის.  ფიჭვებსა და სიმწვანეში ჩაფლული ქემერის საკურორტო ზონა მოიცავს  ბელდიბის, გონიუკის, კირიშის, ჩამიუვას და ტეკიროვას რაიონებს და თვით ქალაქ ქემერს.  თითოეული ეს საკურორტო ზონა  თავისებურად  მიმზიდველია. ქემერი დამსვენებლებს იზიდავს    თავისი ხელუხლებელი  ბუნებით - ბრწყინვალე ქედები, რომლებიც იცავს სანაპირო ზოლს ქარისგან, ხეობები,  ფიჭვისა და კვიპაროსის ჭალები, წიწვის სუნით გაჟღენთილი ჰაერი, სუფთაზე  სუფთა ზღვის წყლი, ფართე კენჭოვანი პლაჟები, მყუდრო  და მშვიდი ყურეები.

ქალაქ ქემერის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა  - ლიმანის ქუჩაა,  აქ თავმოყრილია  როგორც  იაფი სუვენირების ფარდულები, ასევე  სხვადასხვა ტიპის  მაღაზიები. ბარები, რესტორნები და დისკოთეკები  როგორც კურორტის ცენტრში, ასევე პატარ-პატარა საკურორტე დასახლებებშიც არის. ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის ქემერში რამდენიმე საუკეთესო დისკოთეკაა Aura, Inferno, Budda... ზუსტაც აქტიური ღამის ცხოვრებიდან გამომდინარე, ქემერი და ქემერის რეგიონი იზიდავს  გართობის მოყვარულ ახალგაზრდა დამსვენებლებს.

ქემერის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციაა Moonlight Park - ი  ,  რომელიც   საუკეთესო დასასვენებელი პარკია  მთელი ოჯახისთვის.  ნებისმიერი ასაკის ადამიანი იპოვის აქ გასართობს. პარკის ტერიტორიაზე არის დელფინარიუმი, მინი აკვაპარკი,  აუზები წყლის სასრიალოებით, მინი კლუბი ანიმატორებით, ატრაქციონები, კაფეები და რესტორნები, კეთილმოწყობილი პლაჟი.


ქემერის რეგიონში შემორჩენილია მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ძველი ქალაქების - ოლიმპოსისა და ფასელის ნანგრევები,  ეს ის ოლიმპოსია, ჰომეროსი თავის „ილიადაში“ რომ აღწერს. ფასელისში კი  მცირე ხნით დიდი ალექსანდრე  მაკედონელი ცხოვრობდა.  რომის იმპერატორის ადრიანის კარიბჭეების ნანგრევები, ძველი კაშხალი,  რომაული აბანოები და სამარხები საოცარი ქვის ორნამენტებითა და ბარელიეფებით.


მთელს ამ რეგიონში  სასტუმროების  მრავალფეროვანი არჩევანია   -  ბიუჯეტურიდან, მაღალი კლასის ფეშენებელური სასტუმროებით დამთავრებული და შესაძლებელია ნებისმიერი კატეგორიის დამსვენებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება. სასტუმროები მდებარეობს როგორც პირველ სანაპირო ზოლზე, ასევე ზღვიდან მოშორებითაც. კურორტზე კომფორტულად იგრძნობს თავს როგორც გართობის მოყვარული ახალგაზრდა, ასევე  ისინიც, ვინც წყნარ, მშვიდ  და ექსკლუზიურ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.


ბელეკის რეგიონი   ანტალიიდან აღმოსავლეთის მდებარე ყველაზე   ახალგაზრდა და ფეშენებელური კურორტია.  ბელეკი კომფორტული პირობებისა და ელეგანტურობის ერთობლიობაა. უზარმაზარი სასტუმროები, ხმელთაშუა ზღვის შესანიშნავი სანაპირო, აკაციის, კედრების, ევკალიპტის და ფიჭვის ტყეები, მდიდარი ფლორა და ფაუნა, ფართო ქვიშიანი პლაჟები და სუფთა წყალი - ეს ყველაფერი ასოცირდება ბელეკში დასვენებასთან. კურორტის შემოგარენი კეპრილუს კანიონის ეროვნული პარკის ნაწილია.

ანტალიის საერთაშორისო აეროპორტიდან  ტრანსფერის ხანგძლივობა საშუალოდ  40 წუთს შეადგენს. რეგიონის ძირითადი მახასიათებელი არის თბილი ზღვა, საუკეთესო პლაჟები, წიწვოვანი ტყეები და გიგანტური ზღვის კუები.

თურქეთის სხვა კურორტებისგან განსხვავებით, ბელეკს არ აქვს თავისი ისტორია.  დაახლოებით 30 წლის წინ   დაუსახლებელ ადგილას,  ქვიშის პლაჟებთან და წიწვოვან ტყეებთან ახლოს  დაიწყო  ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა.  მას აქეთ  მრავალი წელი გავიდა, მაგრამ  ანტალიის ამ რეგიონში დასვენება კვლავ   პრესტიჟულად და ძვირიანად ითვლება. როგორც წესი, ბელეკის ყველა სასტუმრო არამარტო მრავალრიცხოვანი ნომრებით, ვილებითა და საპრეზიდენტო სუიტებით, არამედ ასევე სპა ცენტრებით, უამრავი აუზებით, დიდი აკვაპარკებითა და  ლუნაპარკებით იწონებენ თავს. სასტუმროების უმეტესობა პირველ სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ფეშენებელური ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები  უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

კურორტის სავიზიტო ბარათი ფართო, ყვითელი ქვიშიანი პლაჟებია.  მათი სისუფთავე  ლურჯი ალმით აღინიშნება.  აქ  მაღალი ტალღები არ იცის, უხეში მძიმე ქვიშა სწრაფად ჩადის ფსკერზე  და   სანაპიროზე წყალი გამჭირვალეა.

ყველაზე ძვირადღირებული თურქული კურორტის რეპუტაცია კი ბელეკში არსებული პირველი კლასის გოლფის მინდვრებით დასტურდება. ერთ-ერთი სტატუს-გასართობი, რომლითაც  ბელეკი ცნობილია, არის გოლფი. კურორტი - მსოფლიოში ცნობილი გოლფის ცენტრია.  ზუსტად  ბელეკში მდებარეობს მსოფლიოში საუკეთესო გოლფის მინდვრები.

კურორტი შედგება ორი რაიონისგან -  ბელეკი და კადრიესგან. თითოეულ მათგანში უხვად შეხვდებით  მაღაზიებს, რესტორნებსა და კაფეებს, მაგრამ  ძირითადად საკურორტო ცხოვრება კონცენტრირებულია პირველი კლასის სასტუმროების ტერიტორიაზე.  

დღეს ბელეკი არამხოლოდ კურორტია, არამედ დაცული ნაკრძალიცაა, რომელიც მდებარეობს  ტავრის მთებსა (იგივე ტოროსი) და ხმელთაშუა ზღვის შორის, მოიცავს დაბლობებს, წიწვოვან ტყეებს, მდინარეებს.   ბელეკში იზრდება 574 სახეობის იშვიათი მცენარე, ბუდობს 109 სახეობის ფრინველი.  ბელეკის რეგიონი მისი სიმბოლო, უნიკალური ბუ ტუტო-ალბას სამშობლოა, ანტალიის სანაპიროებზე კვერცხებს დებენ  ზღვის გიგანტური კარეტა კუები.

კურორტის მახლობლად ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ძველი ქალაქის პერგენის ნანგრევები, რომელიც ითვლება მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ქალაქად ეფესოს შემდეგ, ბრწყინვალე ამფითეატრი ასპენდოსი და სელგეს არქიტექტურული ძეგლი, ასევე შესანიშნავი კეპრიულუს კანიონის ეროვნული პარკი.

ბელეკი მოგნუსხავთ თქვენ თავისი დიდებულებით, უზადო გემოვნებით, მაღალი დონის სერვისით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ადგილობრივი თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

ბელეკში ყველა პირობაა შექმნილი ექსკლუზიური დასვენებისთვის.

სიდე - მსოფლიო დონის  ხმელთაშუა  ზღვის საკურორტო რეგიონია თურქულ რივიერაზე.  იგი მდებარეობს ანტალიას და ალანიას შორის. ოჯახური დასვენებისთვის გათვლილი კომფორტული სასტუმროებით, სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიებით, ბუტიკებით, უამრავი რესტორნითა და ღამის კლუბებით. საუკეთესო პლაჟისა და სასტუმროებში პატარა სტუმრებისთვის ბევრი გასართობი საშუალებების წყალობით სიდე საუკეთესო ვარიანტია ბავშვიანი ოჯახებისთვის.  სიდე უბრალოდ კარგი ადგილია როგორც აქტიური, ასევე პასიური დასვენებისთვის. იგი ანტალიიდან 70 კმ-ში მდებარეობს და აეროპორტიდან ტრანსფერის ხანგძლივობა საშუალოდ საათნახევარია.   სიდეში  ყველა კატეგორიის დამსვენებელი   მშვენიერ შვებულებას გაატარებს მიუხედავად ბიუჯეტისა და მოთხოვნილებებისა.

ქვეყნის ამ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის კულინარიულმა ტრადიციებმა განსაკუთრებით ძლიერ იმოქმედა თურქულ სამზარეულოზე - აქ  გასაოცრად ამზადებენ უამრავ უჩვეულო თევზსა და ზღვის პროდუქტებს.

სიდე არის რეგიონის უდიდესი არქეოლოგიური მხარე, მას  ღია ცის ქვეშ მუზეუმსაც კი უწოდებენ. ქალაქი სიდე  ანტიკურ ხანაში ძველი პამფილიის მთავარი ქალაქი და პორტი იყო და უზარმაზარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს.  ქალაქის მდიდარი ისტორია და ადგილობრივი ღირშესანიშნაობები გულგრილს არ ტოვებს ცნობისმოყვარე ტურისტებს. სიდე   ბერძენმა კოლონისტებმა დააარსეს ძვ.წ. VII საუკუნეში და  ანტალიის სანაპიროზე ერთ – ერთი უძველესი ქალაქია. მეკობრეობა და მონებით ვაჭრობა ამ ქალაქის  ძირითადი შემოსავლის წყარო იყო და  გასაკვირიც არ არის, რომ მალე მათ აქ საკუთარი ფულის მოჭრაც დაიწყეს. საკურორტო ზონასთან  მახლობლად მდებარეობს უძველესი ქალაქის ნანგრევები, ამფითეატრი, რომაული აბანოები, აპოლონისა და ათენას ტაძრები,  ნეკროპოლი, ბაზრის მოედანი, გალავნის ფრაგმენტები, იმპერატორ ვესპასიანეს ქანდაკება და  მრავალი სხვა. ასე რომ, თუ თქვენ ისტორია გაინტერესებთ და გხიბლავთ ანტიკური სამყარო, შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ  და შეეხოთ სიძველეებს. 

ქალაქი სიდე  პატარაა, სიდეს ცენტრში სასტუმროები არ არის, ისინი ყველა გარეუბნებში მდებარეობს. სიდეს ცენტრი შესანიშნავი ადგილია სეირნობისთვის, აქ მრავლადაა სუვენირების მაღაზიები, თევზის რესტორნები და ღია ცის ქვეშ მდებარე ყავახანები. შოპინგის მოყვარულებს კი შეუძლიათ  მანავგატში სავაჭრო ცენტ Novamall-ს  ეწვიონ, სადაც 120 -მდე სხვადასხვა  მაღაზიაა. სიდეს საკურორტო ზონა მოიცავს შემდეგ რაიონებს: გუნდოგდუ, ჩოლაკლი, კუმკეი, მანავგატი, სორგუნი, ტიტრეიენგელი, კიზილაგაჩი და კიზილოტი.   პლაჟები არის კენჭოვანიც და  ქვიშიანიც. დიდი თანამედროვე  ოთხი და  ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსები დგას როგორც პირველ სანაპირო ზოლზე, ასევე მეორეზე. სასტუმროების უმეტესობას,  როგორც ხუთვარსკვლავიანებს, ასევე ბიუჯეტურებს  საკუთარი უზარმაზარი ტერიტორიები და  პლაჟები აქვს.

პლაჟიდან მოშორებით მდებარე სასტუმროებს ქვიშიან სანაპიროებზე  დამსვენებლები ტრანსპორტით დაჰყავს. სანაპიროების სისუფთავის გამო,  მრავალი პლაჟი  ლურჯი დროშით არის დაჯილდოვებული.  

ახალგაზრდები და ღამის ცხოვრების მოყვარულები  აქ იპოვნიან ყველაფერს, რაც საჭიროა  დასვენებისთვის და დროის გასატარებლად - ღამის კლუბები, დისკოთეკები და ბარები, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარულებია ოქსიდი და ნიმფონი.

სიდე არის შესანიშნავი ბუნების, საოცარი ღირსშესანიშნაობებისა და თანამედროვე, მდიდარი საკურორტო ცხოვრების შესანიშნავი კომბინაცია.


ალანია

ულამაზესი ალანია - პატარა,  მყუდრო , საპორტო და  საკურორტო ქალაქია,  ალანია ტოროსის მთების ძირში მდებარეობს პატარა კლდოვან ნახევარკუნძულზე და მთლიანად ჩაკარგულია ფორთოხლისა და ლიმონის ბაღებში. იგი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი  კურორტია და  ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ რეგიონის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია.  ამ საკურორტო რეგიონში, "სადაც მზე იცინის" ბევრი ოცნებობს  დასვენებაზე, პირველ რიგში, ეს რეგიონი  დამსვენებლებს  თავისი უნიკალური მიკროკლიმატითა და ქვეყანაში ყველაზე ხანგძლივი  საზღვაო სეზონით იზიდავს, რომელიც თითქმის  ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ალანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა  იაფი  განთავსებაა. სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებში აქ ფასი დაახლოებით 10-15% -ით დაბალია, ვიდრე ანტალიის სანაპიროების სხვა რეგიონებში. მათთვის, ვინც  შედარებით ბიუჯეტურ დასვენებას  გეგმავს, ალანია ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ტურისტებს  აქ იზიდავს  სუფთა თბილი ზღვა, ლურჯი ალმებით აღნიშნული  ოქროსფერქვიშიანი პლაჟები,   დემოკრატიული ფასები, საუკეთესო, მყუდრო ყურეები,  სტუმართმოყვარე სასტუმროები, ძველი ქალაქი, ვიწრო ქუჩები, მთაზე აღმართული დიდებული  ციხე-სიმაგრეები, ფერად-ფერადი მაღაზიები, რესტორნები  და  ჩაიხანები. ალანია გამოირჩევა  თავისი მხიარული და მსუბუქი ტემპერამენტითა და გასართობი დაწესებულებების მრავალფეროვნებით, აქ მრავლად არის დისკოთეკები და ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები.

ამ რეგიონში  დასვენება შეუძლია ყველას, განურჩევლად მოთხოვნილებებისა და  ბიუჯეტისა.  სიწყნარისა და რელაქსის მოყვარულებისთვის რეკომენდირებულია  გასართობი ადგილებიდან მოშორებით მდებარე რეზორტული კომპლექსები, ახალგაზრდებს კი ახარებთ კლუბის ტიპის სასტუმროები  და სანაპიროსა და  კურორტის ცენტრში გამართული   ხმაურიანი  წვეულებები.  ალანიის რეგიონი  ანტალიის აეროპორტიდან 130 კილომეტრის მოცილებით მდებარეობს და ტრანსფერის ხანგრძლიობა დაახლოებით ორი საათია. ალანიის საკურორტო რეგიონი რამოდენიმე კურორტს მოიცავს ოკურჯაალარი, ავსალარი, ინჩეკუმი, მახმულტარი, კონაკლი და თვით ალანიას. აეროპორტიდან დაშორების მიუხედავად , ალანია პოპულარულია დამსვენებლებს შორის. იგი ცნობილია, როგორც საოჯახო კურორტი, რეგიონი მართლაც იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის.  ალანიაში არის ლუნა პარკი ,  აკვაპარკი  წყლის 23 ატრაქციონით. გრანდიოზული საზღვაო პარკი ”სიალანია” Sealanya , სადაც სტუმრებს ეძლევათ  საშუალება გაერთონ დელფინებთან, იცურაონ სკაროსებთან ერთად აუზში  ან  ახლოდან დააკვირდენ ზვიგენებს.   

ალანიის რეგიონის სოფლების ქუჩები სავსეა  სუვენირების მაღაზიით, ღამის კლუბებით, მყუდრო კაფეებითა და რესტორნებით, კერძო მოვაჭრეებით, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით.

ადგილობრივ პლაჟებს ხშირად ცნობილ ფრანგულ რივიერას ადარებენ. თავად ალანიას ცენტრალური პლაჟები, ძირითადად ქვიშიანია , ზღვაში  რბილი ნაზი შესასვლელით. მათგან ყველაზე ცნობილია კლეოპატრას პლაჟი.  ითვლება რომ აქ ეს ქვიშა სპეციალურად კლეოპატრასთვის ჩამოიტანეს, პლაჟსაც  სახელწოდება ადგილობრივებმა მის საპატივცემულოდ დაარქვეს.  დამსვენებლებს აოცებთ  ქვიშის უჩვეულო თვისებები,  ქვიშა აქ არ ცხელდება არასოდეს, ეს საიდუმლო აიხსნება ქვიშის განსაკუთრებული შემადგენლობით, რომელშიც პრაქტიკულად მტვერი არ არის. მსგავსი ქვიშიანი პლაჟები  მხოლოდ ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებზეა.


კურორტი ალანია დამსვენებლებს  არა მხოლოდ კომფორტული ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პირობებით, არამედ ბუნებრივი სანახაობებით და ისტორიული მემკვიდრეობითაც იზიდავს.

მათთვის, ვისაც  შვებულება ექსკურსიებისა და მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ქალაქში და მის მიმდებარე ადგილებში უამრავი ღირსშესანიშნაობა - კოშკები, უძველესი ციხესიმაგრეები, მეჩეთები და სხვა ნაგებობები ელით. განსაკუთრებით საინტერესოა ალანიას გამოქვაბულები სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და მიწისქვეშა ტბებით. ალანიას აქვს მდიდარი და მოვლენებით სავსე ისტორია. შუა საუკუნეებში მეკობრეები ამ ყურეს თავშესაფრად იყენებდნენ.  ალანიაში დღემდე კარგად შემორჩენილი ისტორიული ძეგლებია, მათ შორის საგუშაგო კოშკები, უძველესი ეკლესიები და, რა თქმა უნდა, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მთის მწვერვალზე აღმართული დიდებული სელჩუკური ციხე-სიმაგრე.

ეს ყველაფერი კი  ყოველწლიურად  უამრავ  დამსვენებელს  იზიდავს. წლიდან წლამდე ალანია ახარებს   დამსვენებლებს.