თითოეულ დიდ ქალაქს აქვს  მსოფლიო აღიარება,  საკუთარი ფილოსოფია, საკუთარი „რეპუტაცია“.  მაგალითად, პარიზი ითვლება მსოფლიო ბოჰემის დედაქალაქად. ბარსელონას გაუდის ქალაქს უწოდებენ, ვალენსია ცნობილია, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების  ცენტრი. ვენა ლამაზი არქიტექტურის, გალერეებისა და მუზეუმების, მუსიკის ქალაქია. ვენა ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია.  ვენით პირველი ნახვისთანავე  მოიხიბლებით. ავსტრიის დედაქალაქი ერთნაირად იზიდავს როგორც  გასტრონომიულ ესთეტებს კულინარიული სიამოვნების მისაღებად თავისი საუკეთესო რესტორნებითა და სამზარეულოთი,  ასევე მოდის მიმდევრებს  თავისი მაღაზიებითა  და  ბოჰემურ საზოგადოებას     - თეატრებით, გამოფენებით, ოპერებით და მუზეუმებით.

ვენა არის მუსიკისა და ხელოვნების ქალაქი. აქ ცხოვრობდნენ  და მოღვაწეობდნენ:  მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი,  შტრაუსი, გუსტავ კლიმტი, ეგონ შილე, ფროიდი,  ჰუნდერტვასსერი და ა.შ. ეს არის პომპეზური ქალაქი  აბსოლუტურად იმპერიული სულისკვეთებით - მშვიდი და დიდებული. ბრწყინვალე ტაძრებით, უზარმაზარი სასახლეებით,  თეატრებით, საოპერო დარბაზებით, ფართო მოედნებით, ლამაზი პარკებითა და გამზირებით. ვენა სამართლიანად განიხილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და საინტერესო დედაქალაქად,  მას არშიებიან ქალაქსაც კი უწოდებენ.  ვენა ცნობილია საშობაო და საახალწლო კონცერტებითა და  მეჯლისით. სისუფთავე, სიჩუმე, სიმშვიდე  დედაქალაქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.

ვენის მიმართულებით საქართველოდან პირდაპირი რეისები სრულდება.  თბილისიდან  ვენის მიმართულებით კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისს ასრულებს  საქართველოს  ავიახაზები, ქუთაისიდან  კი კვირაში ორჯერ  დაფრინავს ბიუჯეტური ავიაკომპანია  Wizzair-ი .

ვენის  შვეხატის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  ცენტრიდან  16 კმ-ით არის დაშორებული. აეროპორტიდან  ქალაქის ცენტრში რამდენიმე წუთში  სწრაფად და კომფორტულად შესაძლებელია  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა. აეროპორტიდან ვენის ცენტრისკენ კურსირებს როგორც  რეგიონალური მატარებელი, ასევე  სწრაფი მატარებლი ავტობუსი  და  ტაქსი.

ვენის მეტროს  ხუთი ხაზი აქვს , ხაზებს დასახელება არ გააჩნია და მხოლოდ  U  ასოთი აღინიშნება. 

ვენაში 4 რკინიგზის სადგურია:  Wien Meidling, Westbahnhof, Wien Mitte და ცენტრალური სადგური  Wien Hauptbahnhof.

ერდბერგის  Erdberg ავტობუსის სადგურიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით მიემგზავრებიან ავტობუსები.

იმ შემთხვევაში, თუ ვენაში რამდენიმე საათით ხართ, ან ერთი დღე გაქვთ ქალაქის დასათვალიერებლად,  ვენის გაცნობა საავტობუსო შემეცნებითი ექსკურსიით სჯობს, ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

ყვითელი Hop on Hop off– ის ავტობუსი, რომელსაც  4  სხვადასხვა მარშრუტი აქვს ჩერდება ოპერის სახლის წინ (კარლსპლაცის მეტრო).

წითელი დიდი Big Bus Tours Vienna ავტობუსის ტურები მარშრუტის  2 ვარიანტს შემოგთავაზებთ  და ჩერდება ვენის ოპერასთან.  

წითელ ავტობუსს Red Bus City Tours აქვს 3 სხვადასხვა  მარშრუტი. ის ჩერდება ალბერტინაპლაცზე ოპერის  უკანა მხარეს.

Vienna Tram Ring ტრამვაით კი შესაზლებელია  ვენის წრიულ მარშრუტზე გასეირნება. რინგშტრასეს გასწვრივ ვენის 13 ღირშესანიშნაობაა განთავსებული.

ქალაქის ღირშესანიშნაობების უმრავლესობა  ცენტრშია თავმოყრილი და ფეხით ყველაფრის შემოვლა შესაძლებელია. ვენაში რთულია  რაიმე კონკრეტული ადგილის გამოყოფა , რადგან ყველა შენობა  თავისი ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

ვენის  ღირშესანიშნაობების მონახულება, როგორც წესი ქალაქის ისტორიული ცენტრიდან  (Innenstadt), იწყება. რომის იმპერიის ხანაში სწორედ აქ იყო განთავსებული სამხედრო ქალაქი ვინდობონნა, თანამედროვე ვენის წინაპარი.

ვენის მთავარ მოედანზე შტეფანსპლაცზე  Stephansplatz , რომელიც ფეხით მოსიარულეთა ზონაში მდებარეობს, დგას ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - განუმეორებელი და დიდებული  წმინდა სტეფანეს ტაძარი  Stephansdom.

მოცარტი -  წმინდა სტეფანეს ტაძრის უკან, წყნარ ქუჩაზე  დომგასეზე მდებარეობს შესანიშნავი კომპოზიტორის, ავსტრიელი ხალხის სიამაყის - მოცარტის სახლ-მუზეუმი. ეს მოცარტის ერთადერთი საცხოვრებელია, რომელიც ვენაში ჩვენს დრომდე შემორჩა.   ამ სახლის კედლებში   გასიმა პირველად ოპერის  - „ფიგაროს ქორწინება“ ულამაზესი მელოდიები.  მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

ვენის შუაგულში  საფეხმავლო ზონაა   და  გრაბენის, კოლმარკტის,  კერტნერის ქუჩები ზუსტად ამ ზონაში მდებარეობს. ამ ქუჩებს  ვენის ოქროს U -ს  - Golden U  უწოდებენ.  თუ გსურთ ვენა  მთელი თავისი ბრწყინვალებით დაინახოთ, შეიგრძნოთ ვენური სიმდიდრე და  ფუფუნება, ამ ქუჩებზე  უნდა გაისეირნოთ.

გრაბენი  -  Graben    ვენის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი  საფეხმავლო ქუჩა,   უამრავი მაღაზიით და  ფეშენებელური შენობებით.  ისტორიულად გრაბენი  მდიდრების უბნად ითვლებოდა  და დღესაც იქ შეძლებული ავსტრიელები ცხოვრობენ. საღამოობით წლის ნებისმიერ დროს იგი განათებულია უზარმაზარი ქუჩის ჭაღებით, რაც ქუჩას უფრო მეტ პომპეზურობას მატებს.  გრაბენი აერთიანებს ვენის ორ  უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობას - სტეფანსდომს და ჰოფბურგის სასახლეს.  ქუჩის შუა ნაწილში დგას მისი მთავარი  სიმდიდრე - ცნობილი  შავი ჭირის სვეტი Pestzule (Pestsäule) ანუ იგივე  სამების სვეტი. მოედანზე, სვეტის გვერდიგვერდ  ორი შადრევანია  იოსებსბრუნენ (Josefsbrunnen) და  ლეოპოლდსბრუნენ (Leopoldsbrunnen). გრაბენიდან პირდაპირ მოჩანს წმ. პეტრეს ტაძარი (პეტერსკირხე) რომელთანაც პატარა ქუჩა მიდის. მოედანს კიდევ ერთი ლამაზი შენობა - გრაბენ-ჰოფი გადმოჰყურებს. გრაბენზეა მთელ  ავსტრიაში საუკეთესო შოკოლადის კაფე  Lehmann-ი.  აუცილებლად გასინჯეთ შოკოლადი ჩილის წიწაკით,  ლავანდის შოკოლადი და მარილიანი შოკოლადი. აქ იყიდება საუკეთესო ყავა მელანჟი.  გრაბენზეა Hermes-ის მოდის სახლის ბუტიკი, Josef Kober-ის სათამაშოების მაღაზია ტედი დათუნიების მომხიბლავი კოლექციით, Augarten ფაიფურის მაღაზია, მამაკაცის მოდის სახლის  Knize & Comp-ის საკულტო მაღაზია.

გრაბენთან აქვეა ცნობილი კოლმარკტის (Kohlmarkt)  ქუჩაც.  კოლმარკტი-Kohlmarkt  ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი, ცნობილი და ძვირი  სავაჭრო ქუჩაა. ამ ქუჩაზე მდებარეობს  ლეგენდარული საკონდიტრო „დემელი“.

კერტნერ შტრასე - Kärntner Straße  ვენის შუაგულში მდებარე  საფეხმავლო ქუჩაა, აქ ხვდებით ელეგანტურ და მდიდრულ  სამყაროში. იგი იწყება წმ. სტეფანის მოედნიდან, გაივლის ვენის ოპერას და  მთავრდება კარლსპლაცზე. კერტნერშტრასეზე  უამრავი მაღაზია, რესტორანი და კაფეა, ასევე სასტუმროები, მათ შორის, ცნობილი სასტუმრო Sacher-ი.  თავს იწონებენ    ევროპაში ცნობილი საიუველირო ნაწარმისა და საათების სალონები.

რინგშტრასსე -  Ringstraße  მსოფლიოს ულამაზესი ბულვარი ნამდვილად ღია ცის ქვეშა მუზეუმია. 6 კილომეტრიანი რინგშტრასე სავსეა ისტორიული ძეგლებით, სასახლეებითა და არქიტექტურული ანსამბლებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ  ვენის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები - მაგალითად, ჰოფბურგი, ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი,   სახელმწიფო ოპერა, პარლამენტი.

ვენის სახელმწიფო ოპერა (Wiener Staatsoper) ევროპის  მთავარი მუსიკალური და კულტურული ცენტრი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო სახლია.  კლასიკური ხელოვნების ტრადიციების მცველი, მუსიკალური ვენის სიმბოლო წელიწადში 285 დღის განმავლობაში ჩატარებული სპექტაკლების მიხედვით, წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიოს საოპერო სამყაროში. ვენის ოპერას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ვენის, როგორც მუსიკალური კაპიტალის საპატიო ტიტულის მოპოვებაში.

კარლსპლაცის მოედანი  Karlsplatz -  მოედანს სახელი აქ მდებარე ეკლესიის კარლსკირხე  Karlskirche საპატივცემულოდ დაერქვა.  იგი ვენის ერთ-ერთი  ყველაზე ცოცხალი ადგილია. აქ მდებარეობს  ვენის მუზეუმი, სამხატვრო სახლი და ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტორ ოტტო ვაგნერის პავილიონი. ზამთარში აქ საშობაო ბაზრობები ეწყობა.

გალერეა ალბერტინა  (Albertina)   ალბერტინას მოედანზე  Albertinaplatz მდებარეობს  ერცჰერცოგ ალბერტ საქსონელის სასახლეში  (Palais Erzherzog Albrecht). იგი ერთ დროს ჰაბსბურგების ქალაქის რეზიდენცია იყო. ახლა აქ უნიკალური ხელოვნების მუზეუმია - ნახატების, გრაფიკის, ფოტოების და არქიტექტურული მოდელების კოლექცით. ალბერტინა ყველაზე ხშირსტუმრიანი მუზეუმია ავსტრიაში. აქ თავმოყრილია დიურერის, ბოსხის, რუბენსის, რაფაელის, ლეონარდოს და რემბრანდტის შედევრები. გალერეის კოლექცია ასევე  შეიცავს თანამედროვე მხატვრობის  ფასდაუდებელ ნამუშევრებს-იმპრესიონიზმიდან დაწყებული, სიურრეალიზმით და ავანგარდით დამთავრებული. 

მიხაელერპლაცი Michaellerplatz - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქში, მოედანი გადაწყვეტილია ბაროკოს სტილში, აქ  თავს იყრის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ყველა ძირითადი ქუჩა, თითქოს ეს საბოლოო დანიშნულების წერტილია. Michaellerplatz– ის გარშემო მრავალი ცნობილი შენობაა - ჰოფბურგის სასახლის მთავარანგელოზ მიქაელის ფრთა (მაიკლერტრაქტი) გუმბათით და ოვალური კარიბჭით. აქვეა Looshaus-ი ,  Palais Herberstein-ი , მთავარანგელოზ მიქაელის  ეკლესია (Michaelerkirche) - რომელიც ვენის ერთ-ერთი ისტორიული და კულტურულად მნიშვნელოვანი ეკლესიაა.

ჰოფბურგი Hofburg -  ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია დიდებულებითა და განსაკუთრებული ზომებით ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. ამ სასახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ჰაბსბურგების საგანძურია, სადაც თავმოყრილია იმპერიის ყველა რელიქვია. ამჟამად ჰოფბურგის სასახლე ავსტრიის პრეზიდენტის სამუშაო ადგილია.

ჰოფბურგის მონახულებამდე უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ და მოიძიოთ ინფორმაცია ჰაბსბურგების დინასტიის შესახებ, მარია ტერეზაზე, პრინცესა სისიზე და ფრანც ჯოზეფ I -ზე.

ჰოფბურგის სასახლის წინ, გმირთა მოედანზე (ჰელდენპლაცი), ბრინჯაოს ცხენებზე  ავსტრიის გმირები ერცჰერცოგი კარლი და პრინცი ევგენი სავოიელი ამხედრებულან.

ჰოფბურგის მანეჟში ესპანური საცხენოსნო სკოლის წარმოდგენები იმართება, რაც მართლა არაჩვეულებრივი სანახაობაა. ცხენები ერთ-ერთი განსაკუთრებული თემაა ჰოფბურგისთვის და ჰაბსბურგთა დინასტიისთვის. 

ვენის რატუშა Wiener Rathausგოთიკურის სტილის  საოცრად ლამაზი  შენობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს.   როგორც ბევრ ევროპულ ქალაქში, ვენაში რატუშის გვერდით  მდებარე მოედანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოქალაქეების ცხოვრებაში. თუმცა თუ ძველ დროში აქ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს უცხადებდნენ ხალხს, ახლა ბევრი ამ მოედანს მხოლოდ ტრადიციული საშობაო ბაზრობის  მოწყობის ადგილად აღიქვამს – ალბათ ყველაზე დიდსა და საზეიმოს მთელ დასავლეთ ევროპაში.

რატუშის მოედანზე  შობა-ახალი წლის წინა პერიოდში ეწყობა საშობაო ბაზრობა. დიდ სიამოვნებას მიიღებთ ევროპაში უძველესი საშობაო ბაზრობის მონახულებით.  ას ორმოცამდე პატარა მაღაზია - ფარდული სავსეა სათამაშოებით, სუვენირებითა თუ  ტკბილეულით. ეს ბაზრობა ერთიანად იზიდავს დიდსა თუ პატარას, ადგილობრივსა თუ ქალაქის სტუმარს.

ვენაში უამრავი  სხვადასხვა მუზეუმია, აუცილებლად ეწვიეთ ხელოვნების ისტორიის მუზეუმს (KHM),  აქ დაცულია დასავლური ხელოვნების უამრავი  შედევრი - რაფაელის, ტიციანის, რემბრანდტის, რუბენსის, ბოსხის ტილოები, ბრიუგელის ნამუშევრების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, ანტიკური  პერიოდის, ძველი  ეგვიპტისა და აღმოსავლური სამყაროს კოლექციები გაგაოცებთ  წარსული კულტურის სიმდიდრით.

მუზეუმების კვარტალი  Museums Quartier - ყოფილი საიმპერატორო საჯინიბოების ტერიტორიაზე შექმნილი კულტურული კვარტალია,  აქ მდებარეობს კუნსჰალე Kunsthalle - სადაც იმართება თემატური გამოფენები, ფესტივალები, კონცერტები.  კვარტლის მთავარი ღირშესანიშნაობაა ლეოპოლდის მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის სამხატვრო კოლექციებით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი „მუმოკი“, ვენის არქიტექტურული ცენტრი, საბავშვო მუზეუმი  “ZOOM”. აქვეა საცეკვაო კვარტალი, სტუდიები, სახელოსნოები, სალონები და ატელიები, კაფეები და რესტორნები  .

ბელვედერი  Belvedere -  არამხოლოდ ბაროკოს სტილის ლამაზი სასახლეა, არამედ ავსტრიის ყველაზე ღირებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციის საცავი.  გუსტავ კლიმტის ნამუშევრები გალერიის "ბირთვი" და მუზეუმის მთავარი სიამაყეა.  ბელვედერის მონახულება აუცილებელია, რათა ნახოთ კლიმტის „კოცნა“ და აღმოაჩინოთ შილე და კოკოშკა.

შონბრუნი Schönbrunn-ის სასახლე  - ულამაზესი საიმპერატორო რეზიდენციაა, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ავსტრიული „ვერსალი“.  ჰაბსბურგების ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია ბრწყინავს შესანიშნავი იმპერიული დარბაზებით. აქ ცხოვრობდნენ დედოფალი მარია ტერეზა, იმპერატორი ფრანც იოზეფი და იმპერატრიცა ელიზაბეტი (სისი) . შონბრუნის ანსამბლი შედგება უზარმაზარი პარკისა და თავად სასახლისგან. პარკი უზარმაზარი, ლამაზი და ძალიან საინტერესოა. აქ არის ევროპაში უძველესი ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი, ლაბირინთი, შადრევნები.

ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმი - ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია ზიგმუნდ ფროიდის  მუზეუმი,  სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.   მუზეუმში წარმოდგენილია მდიდარი ექსპოზიცია, რაც საშუალებას იძლევა, გაეცნოთ ექიმის ცხოვრებასა და ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას: როგორი იყო ავსტრიელი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ნევროლოგის მისაღები, მისი სამუშაო, პაციენტების მისაღები  და მოსაცდელი ოთახი. მუზეუმში ასევე განთავსებულია ევროპაში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა 35 ათასი ტომით, რომელიც ფსიქოანალიზის პრობლემებს ეძღვნება.

ჰუნდერთვასერის სახლი Hundertwasserhaus - ვენის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე  ავანგარდული   და ორიგინალური ღირშესანიშნაობა. არც შენობის შიგნით  და არც  შენობის ფასადზე არ არსებობს სწორი ხაზები. ეს არის სრულიად მომხიბლავი, უჩვეულო სანახაობა. ამ შენობის ვიზუალი  ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟური ჩანს: ფანჯრის ღიობების გარშემო ფერადი ბლოკები, იატაკის გამყოფი ტალღოვანი ხაზები, „მთიანი" სართულები. ყვავილები გარეთა კედლებზე, აივნებზე ბუჩქები, ბალახი და სურო სახურავზე, შადრევანი, ზამთრის ბაღი. აქ ორასამდე ადამიანი ცხოვრობს, ტერიტორიაზე დარგულია 250 ხე; აქ არის საზოგადოებრივი ტერასები, კაფე, საბავშვო მოედანი. Hundertwasserhaus მდებარეობს Kegelgasse 36-38-ში.

პტატერი  Prater -  ვენის გასართობი პარკი  და ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა .  ეს მწვანე ოაზისი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არამარტო ვენის მცხოვრებთ, არამედ მის სტუმრებსაც იზიდავს თავისი კეთილმოწყობილი დასასვენებელი ზონებით, პატარ-პატარა სავაჭრო ფარდულებითა და გასართობი ზონით.   პარკის უძველესი და მთავარი ღირშესანიშნაობა არის  ატრაქციონი „გიგანტური“  ბორბალი. მარტიდან ოქტომბრამდე გართობის  მოყვარულებს   პარკი 250-ზე მეტ სხვადასხვა  ატრაქციონს  სთავაზობს .

ვენის ბოჰემური კვარტალი შპიტტელბერგი  Spittelberg -  მუზეუმების  კვარტლის უკან მდებარეობს ბიდერმაიერის უნიკალური  კვარტალი. ეს ულამაზესი უბანი  ცნობილია თავისი რომანტიკული გარემოთი, მყუდრო ქუჩებით, ისტორიული სახლებით,  პატარა გალერეების სიმრავლით, ვერნისაჟებით, ბუკინისტური და ანტიკვარიატის მაღაზიებით. ამ კვარტლის  განსაკუთრებული სიამაყეა მისი გასტრონომული დაწესებულებები  ძვირადღირებული რესტორნებიდან დაწყებული საზაფხულო ტერასებით დამთავრებული; ბურგერბარ  Burgermacher- დან დაწყებული ავთენტური სამზარეულოთი სახელგანთქმული  ტავერნია  Am Spittelberg-ით დამთავრებული. ეს უბანი განსაკუთრებით ლამაზია წინა საშობაო პერიოდში.

დუნაის კუნძული  Donauinsel -   დიდი, ხელოვნურად შექმნილი კუნძულია ვენის ცენტრში. კუნძული ერთ-ერთ პოპულარულ დასასვენებელ და გასართობ  ადგილად  ითვლება , როგორც ადგილობრივებში,  ასევე ქალაქის ვიზიტორებშიც. კუნძულზე უამრავი გასართობი კომპლექსია, მათ შორის, დისკოთეკები, ბარები, რესტორნები, კაფეები, ღვინის სარდაფები, ღამის კლუბები. პლაჟები , ასევე  Copa Cagrgana- ს სანაპირო, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ნუდისტებისთვის. ამ ადგილს საერთაშორისო ცნობადობა  მუსიკალურმა ფესტივალმა   Donauinzelfest-მა მოუტანა.   უფასო „ოუფენ ეარი“  ყოველწლიურად ივნისის ბოლო კვირას იწყება და მილიონობით სტუმარს იზიდავს.

თუ არამხოლოდ ვენის ღირშესანიშნაობების ნახვა, არამედ ვენური გემოების შეგრძნებაც გნებავთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ  ვენის ყავახანებს.   ვენა განთქმულია თავისი ყავის სახლებითა და კაფეებით.  ვენის ნამდვილი ღირშესანიშნაობაა ელეგანტური, რესპექტაბელური, ატმოსფერული, უზადო იმპერიული სტილის კაფე ზახერი  "Sacher"  რომელიც იგივე სახელწოდების სასტუმროში მდებარეობს. კაფე   ცნობილია თავისი „ზახერ“ -ის ტორტით,   რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვენური დესერტია.  ერთგვარი ტრადიციაა ხაზერის კაფეში ვენურ  არომატულ ყავასთან ერთად ხაზერის ტორტის დაგემოვნებაც, რომლებსაც აუცილებლად ჭიქა წყალთან ერთად მოგართმევენ.

არსებობს უამრავი ავსტრიული კერძი და დესერტი, რომლებიც აღიარებულია ქვეყნის დედაქალაქის სავიზიტო ბარათებად. აქ მათ ღვთაებრივად ამზადებენ და სხვაგან ვერსად  დააგემოვნებთ მსგავს კერძსა თუ ტკბილეულს. ავსტრიული სამზარეულოს გაცნობა აუცილებლად დაიწყეთ ვენური შნიცელით,  კარტოფილის სალათით, გულიაშით, ვენური ვაფლით,  ტაფელშპიცით, შტრუდელით, გლინტვეინით, მოცარტის შოკოლადის ბურთებითა და მარციპანის კანფეტებით.

ვენა - ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც სამუდამოდ დარჩება თქვენთან!