ბარსელონა

ბარსელონა - მზისა და ფერების ქალაქი.  ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეგვიძლია გითხრათ, რომ ბარსელონა ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი საგანძურია.  თვითმფრინავის ილუმინატორიდანვე იწყება  ამ ქალაქის სიყვარული. „გიჟური“, საოცარი ენერგიით, ანტონიო გაუდით,  ზღვით , სანგრიით, თავისი ტრადიციებით, ენითა და ტემპერამენტიანი კატალონიელებით.  აქ ყველაფერია,  რაც საუკეთესო  მოგზაურობისთვისაა საჭირო: საინტერესო ისტორია, ლამაზი შენობები, მუზეუმები, უგემრიელესი სამზარეულო, ღამის ცხოვრება, კოსტა  ბრავასა და კოსტა დორადას სანაპიროები და ბევრისთვის საყვარელი  ბარსელონას საფეხბურთო კლუბი.
როგორ შევიცნოთ  მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის სული?  როგორ შევიგრძნოთ,  თუ  როგორ თანაარსებობენ   თვინიერი სილამაზე და ამაყი სული? საიდან აქვს ამ ქალაქს   ამგვარი გამორჩეული იდენტურობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად  გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს,  რომელთა მონახულებითაც ჭეშმარიტად  შეიგრძნობთ ამ ქალაქის სულისკვეთებას.
აეროპორტის ტერმინალებიდან  კატალონიის მოედნამდე, სადაც ამავე სახელწოდების მეტროცაა, კურსირებს როგორც აეროპორტის ავტობუსები, ასევე მუნიციპალური ავტობუსიც.  აეროპორტთან ახლოს არის მეტროც  და  R2N-ის მატარებლის ხაზიც, რომელიც მეტროს გვერდზეა. 
ბარსელონაში სხვადასხვა ეპოქის უამრავი ისტორიული თუ არქიტექტურული ღირებულების ძეგლია - რომის იმპერიიდან მოყოლებული დღემდე. თუ ფეხით სეირნობა გიყვართ, მაშინ ბარსელონა ნამდვილად იდეალური ქალაქია, რადგან ეს ქალაქი ფეხითმოსიარულეებზეა გათვლილი.
ქალაქის გაცნობა  ბარსელონის მთავარი დიდოსტატის ანტონიო გაუდის უკვდავი შენობებით დაიწყეთ. მის მიერ შექმნილმა ნაგებობებმა შეცვალა ბარსელონა. მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურული ქმნილებები ბარსელონის მშვენება და სავიზიტო ბარათებია.  
Sagrada Familia -  ანუ  "წმინდა ოჯახი“   საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.  ტაძარი 130 წელზე მეტია, რაც შენდება და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მშენებლობის დასრულებას 2027 წლისთვის ვარაუდობენ და იმ დროისთვის ის მსოფლიოში უდიდესი ტაძარი იქნება.  გაუდის ეს დაუმთავრებელი შედევრი  ბარსელონის ცნობილი ღირშესანიშნაობაა.   გაუდიმ თავის ამ  ბოლო ქმნილებაში მთელი შემოქმედებითი ენერგია ჩადო. აქვეა მისი საფლავიც.
გაუდის ჩირაღდნები - ბარსელონის სამეფო მოედანს - პლასა რეის ამშვენებს.  
ვისენსის სახლი   - გაუდის მორიგი შედევრი. მის მიერ დაპროქტებული პირველი სახლი;
გუელის სასახლე  -  შთამბეჭდავი ინტერიერით, სარკეებით, ვიტრაჟებით და გაუდისეული მოჩუქურთმებული ჭერითა და დეკორატიული ელემენტებით. გაუდის ეს ქმნილება მდებარეობს ძველ ქალაქში.  
ბალიოს სახლი  -  მოდერნისტული სახლი,  წმ. გიორგის მიერ ურჩხულის მოკვლის მოტივებზე შექმნილი ნაგებობაა. ტალღისებური სახურავი დინოზავრის ზურგს წააგავს, კრამიტი - თევზის ქერცლს. 
მილას სახლი -  ანუ ქვის სამტეხლო, როგორც მას უწოდებენ, გაუდის ულამაზესი ქმნილებაა. მისი ინტერიერი ზღვის სამყაროს შთაგონებით შეიქმნა.  ამ შენობაში ვერსად იპოვით სწორედ აღმართულ კედელს, რჩება განცდა თითქოს შენობა ქვიშისგან არის გამოქანდაკებული.   
გუელის პარკი - გაუდის  ყველაზე მრავალფეროვანი და გენიალური ქმნილება გახდა. აქ მდებარეობს ქვის შთამბეჭდავი კონსტრუქციები, ულამაზესი მოზაიკით, საოცარი ნაგებობებით. დიდი ტერასიდან ბარსელონაზე  საოცარი ხედი იშლება.  აქვე განთავსებულია  თავად გაუდის  სახლ-მუზეუმი.

კატალონიის მოედანი - არის ბარსელონას გული და იგი  წარმოადგენს  ლამბლასა და პასეი დე გრასიას გზაშესაყარს. მოედანს უზარმაზარი "ქარის ვარდი“ ამშვენებს, აქვეა ლამაზი შადრევანი.  მოედნის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა მილიონობით მტრედია, რომლებიც ადამიანებს არ უფრთხიან.
პასეო დე გრასია - Paseo de Gracia   ბარსელონის მთავარი ქუჩა და ქალაქის სიამაყეა -  კატალონიის დედაქალაქის "ელისეის მინდვრები“ . აქ თავმოყრილია XX საუკუნის დასაწყისის ნათელი არქიტექტურული შედევრები,  როგორიცაა - Casa Mila, Casa Morera, Casa Batllo და სხვები. გლამურული მაღაზიები  და  სახელობითი   ბუტიკები როგორიცაა Prada, Gucci, Loewe, Burberry და Dolce and  Gabanna. ძვირადღირებული რესტორნები. ამ ქუჩის მონახულება ყოველმიზეზგარეშე აუცილებელია.
ლა რამბლა  - La Rambla ბარსელონას ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ქუჩაა, აქაური  ლამაზი ღია კაფე-ბარები და სავაჭრო ცენტრები, სუვენირების კუთხეები  და ქუჩის მხატვრები, ფლამენგოს მოცეკვავვები  და მიმები  იზიდავს ტურისტებს. 
ლა რამბლა იწყება კატალონიის მოედანთან  (Plaza Catalunya) და მთავრდება კოლუმბის მონუმენტთან პორტ ველ მარინასთან.  ქრისტეფორე კოლუმბის ეს ცნობილი ქანდაკება ზღვისკენ იყურება.  

ბაზარი ბოკერია  -  La baqueria  აქ ისმის   ბარსელონას  გულისცემა. ბაზარში სიარული ბარსელონელებისთვის რიტუალია, არაჩვეულებრივი ხილით, ტკბილეულით, ბოსტნეულით, ხორცის ნაწარმითა და ზღვის პროდუქტებით გადავსებული დახლები მადისაღმძვრელად გამოიყურება. ესაა ბაზარი, სადაც ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. ბოკერიას მონახულება არამხოლოდ პროდუქტებისთვის, არამედ  კატალონიის ავთენტური ატმოსფეროს შესაგრძნობლადაც ღირს. ხამონის დასაგემოვნებლად  სწორედ აქ უნდა შეიაროთ  და არ დაგავიწყდეთ ფოტოს გადაღებაც.  

გოთიკური კვარტალი -   Barrio gotico  ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა შუასაუკუნების  უამრავი პატარა ქუჩითა და ვიწრო შესახვევებით, დაბალი სახლებითა და ძველი ძეგლებით, წმინდა ეულალიას  კათედრალით. ის ერთიანებს  ქალაქის ყველაზე ძველ ნაწილს და მოიცავს რომის იმპერიისა და შუასაუკუნების პერიოდის  ბარსელონას კედლის ნანგრევებს. იდუმალებითა და ლეგენდენით მოცული ეს უბანი ადრე ქალაქის ცენტრი იყო. 

ელ რავალის უბანი  - El Raval, იდუმალი და ცოტა მსუბუქი ბარსელონას წითელი ლამპიონების უბანი, ნარკომოვაჭრეებით, მეძავეებით, უსახლკაროებით, კრიმინალებითა და ემიგრანტებით ბარსელონის ყველაზე პროვოკაციული  და განსხვავებუილი რაიონი . "ეს უბანი ყველასთვის არ არის” - ასე ამბობენ რავალზე. აქ ცხოვრება მიუღებელი და არაპრესტიჟულია.  მაგრამ,    მის პატარა ქუჩებში არ გასეირნება - ეს დიდი დანაშაულია, სად არის სხვაგან ამდენი რომანტიზმი და ბოჰემურობა თუ არა რავალში? მხოლოდ წარმოიდგინეთ: ვიწრო ქუჩები, განსაცვიფრებელი ავთენტური შენობები, რომლებიც რამდენიმე საუკუნისაა! ყველანაირ მომხიბვლელობასა და გლამურულობას მოკლებული. ქუჩებში გადმოფენილი თეთრეული.  Sant Pau– ს და Nou de la Rambla– ს ქუჩების მიდამოებში  გამოფენილი   მეძავეები  და  ტრანსვესიტები.  ეს არის ბარსელონის  კაშკაშა, მულტიკულტურული ნაწილი, უზარმაზარი მრავალფეროვნებით მიმზიდველი კაფე-რესტორნებითა და ბარებით.
ბარსელონას ტრიუმფალური თაღი 1888 წელს მსოფლიო გამოფენისთვის  აიგო.  თაღის წინ აღმართული ქვის ქანდაკება ბარსელონას მასპინძლობის სიმბოლოა. თაღის ზედა ნაწილში გამოსახულია ესპანეთის პროვინციების გერბები.   თაღის გავლით უმშვენიერეს  ციტადელის პარკში - Parc de la Cuitadella  მოხვდებით.  პარკი არის მწვანე ოაზისი ბარსელონის ცენტრში, პარკის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს კატალონიის პარლამენტი, პარკში ასევე არის მუზეუმები, ზოოპარკი და ჩანჩქერი. 
პიკასოს მუზეუმი -  აუცილებლად ეწვიეთ მხატვრის მუზეუმს,  მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ხომ ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული.  მისი პირველი ნამუშევრებიც სწორედ ამ ქალაქის  შთაგონებითაა შექმნილი. 
სტადიონი "კამპ ნოუ " და FC Barcelona-ს საფეხბურთო კლუბის მუზეუმი -  "კამპ ნოუ“ ბარსელონას სავიზიტო ბარათია. ეწვიეთ  კლუბის მუზეუმს. დაათვალიერეთ სპორტული ჯილდოები, იხილეთ „კამპ ნოუ“-ს სტადიონი, VIP ლაუნჯები და სხვა. არაფერი სჯობს ამ გუნდის თამაშის ყურებასაც.

ბარსელონას მომღერალი შადრევნები -  Fuente Mágica    თქვენს  საექსკურსიო პროგრამაში აუცილებლად ჩართეთ მომღერალი ფანტანების მონახულება, რადგან ის საოცრად ლამაზი, რომანტიული და რაც მთავარია სრულიად უფასო სანახაობაა. შადრევანი ამშვენებს ეროვნულ სასახლეს და მონტუჯის პარკს. ესპანელები ბარსელონას ამ ღირშესანიშნაობას  "Fuente Mágica " უწოდებენ, რაც ნიშნავს "ჯადოსნური შადრევნები". სინათლის, წყლისა და მუსიკის ერთობლიობა მაგიურ აურას ქმნის. 

ესპანური სოფელი - (Poble Espanyol)   არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მონჟუიკის მთაზე . მას "ღია ცის ქვეშ მუზეუმსაც“  უწოდებენ.  აქ თავმოყრილია  ქვეყნის ყველა რეგიონის არქიტექტურული სტილი.  მუზეუმი საშუალებას გაძლევს, რამდენიმე საათში, ბარსელონიდან გაუსვლელად გაეცნოთ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის არქიტექტურას.

ტიბიდაბო  -  Tibidabo    ბარსელონას ყველაზე მაღალი მთაა . მთის წვერზე "წმინდა გულის ტაძარი“ (Sagrat Cor Church)    დგას  და ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული ადგილია  ტურისტებს შორის.  ტაძრის გუმბათზე აღმართულია იესოს ქანდაკება, რომელიც რიო  დე ჟანეიროს იესოს ქანდაკების ასლია. აქვეა გასართობი პარკი სხვადასხვა ატრაქციონებით.

ბარსელონას პლაჟი და ძველი პორტი  - Port Vell    ბარსელონეტა ყველაზე ცნობილია პლაჟია ბარსელონას პლაჟებს შორის და ყველაზე პოპულარულია ქალაქის ცენტრთან სიახლოვის გამო. პორტ ველი ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  პორტია. ზღვის ლურჯი და სუფთა ფერი, ულამაზესი , გიგანტური  და დიდებული პალმის ხეები, დიდი რაოდენობით  იახტები, უნიკალური ბულვარის ხიდი, თანამედროვე არქიტექტურა და კატალონიური მოდერნიზმის ჰარმონია  - ეს ყველაფერი  არის პორტ ველი. ბარსელონაში ასევე არის ნუდისტური პლაჟები.

აკვარიუმი - პორტთან ახლოს, რამბლა დე მართან არის ბარსელონას მშვენიერი სანახაობა - ევროპაში ყველაზე დიდი  აკვარიუმი. ამ გრძელ, გამჭვირვალე შენობაში მსოფლიოს ყველა კუთხის თევზები და ზღვის სხვა ბინადარნი ცხოვრობენ. 

კატალონური სამზარეულო  კულტურის განუყოფელი ნაწილია. - ეს არა მხოლოდ რამდენიმე რეგიონულ კერძს შეეხება, არამედ მთელ გასტრონომიას, რომლის მსგავსსაც ვერ ნახავთ ვერსად, მათ შორის - მეზობელ საფრანგეთშიც კი.  ბარსელონა ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის. რთულია რამე კონკრეტულ კერძს გაუწიო რეკომენდაცია,  რადგან კვება გემოვნების  ყველაზე საკამათო საკითხია.  თუმცა აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზღვის პროდუქტები, ხამონი და  დალიოთ სანგრია.  ასევე არ დაგავიწყდეთ კატალონიური ტკბილეულის გასინჯვა.  აუცილებლად დააგემოვნეთ კატალონიური ღვინოც.

შოპინგი ტურისტებისთვის  ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა  მთელ მსოფლიოში. ესპანეთი საშუალო კლასის   ბრენდული ხაზების სამშობლოა: Mango , Stradivarius,  Bershka, Zara, Massimo Dutti,  Oysho, Pull an Bear.  Passeing de Gracia - ს. ბულვარში უხვადაა   მაღალი მოდის   ბუტიკები  Escada, Luis Vuitton, Dolce & Gabbana , Chanel.  კატალონიის მოედანზე განთავსებულია უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი Corte Ingles.  სავაჭრო ცენტრის  ბოლო სართულზე განთავსებულია რესტორანი და კაფე თვითმომსახურებით, საიდანაც საოცარი ხედი იშლება მოედანზე.  აუცილებლად ესტუმრეთ ბარსელონას ფლი მარკეტს, აქ უნიკალურ და ავთენტურ სუვენირებს აღმოაჩენთ.  ფასდაკლებულ კოლექციების შეძენას კი ბარსელონასთან ახლოს მდებარე  აუთლეტ  La roca  village -ში შეძლებთ.