რომი - „მარადიული ქალაქი“, რომლის მონახულება ნამდვილად ღირს!  იტალიაში მოგზაურობა წარმოუდგენელია რომის მონახულების  გარეშე! ამბობენ, მსოფლიო ხელოვნების 90% თავმოყრილია იტალიაში, ხოლო იტალიური შედევრების 90% რომში მდებარეობს. ადრე ყველა გზა აქ მოდიოდა ამიტომ, თუ არ იცით  სად წახვიდეთ, მაშინ რომი საუკეთესო გამოსავალია.

თუ რომში მოგზაურობას გადაწყვეტთ, საქართველოდან  ფიუმუჩინოს (ლეონარდო და  ვინჩის) საერთაშოროსო აეროპორტში ჩაფრინდებით. რომში მეორე აეროპორტიც არის - ჩამპინოს  (იგივე კამპინო) აეროპორტი.

რომის  ფიუმიჩინოს აეროპორტიდან რომის ცენტრალურ  სადგურ „ტერმინი“-ზე  უპრობლემოდ, სულ რაღაც 30 წუთში  მოხვდებით  სწრაფი ექსპრეს მატარებელით.  ასევე  რეგულარულად დადის ავტობუსები  და  რეგიონალური მატარებელიც.

ავტობუსების სადგურია ტიბურტინა, საიდანაც რომიდან სხვა ქალაქების მიმართულებით   რეგულარული ავტობუსები გადის.

რომის მეტროს აქვს 2 ხაზი. მთავარი მეტროს გაჩერება, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით ხდება გადასვლა არის Termini.

რომში მოგზაურობისას ყველა ნაბიჯზე შეხვდებით საინტერესო ადგილებს. რომის ღირშესანიშნაობები ამ მარადიული ქალაქის „სავიზიტო ბარათებია“.

ყოველ ტაძარში მოულოდნელად შეიძლება  დიდი მხატვრების ქმნილებებს  წააწყდეთ. შეძლებისგადვარად შედით ყველგან.

ვატიკანი - კათოლიკური სამყაროს გული  და  სუვერენული ქალაქ-სახელმწიფოა. ის  იტალიის დედაქალაქ რომში გალავანშემორტყმულ  ანკლავს წარმოადგენს.  რაც შეეხება   წმინდა პეტრეს ბაზილიკას, ის ნამდვილად არის  მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომლის გარეშეც მთელი ქრისტიანული სამყარო წარმოუდგენელია.  აქ დაკრძალულია წმიდა პეტრე მოციქული. ტაძარში ხელოვნების მრავალი შედევრი ინახება, მათ შორისაა მიქელანჯელოს „ პიეტა“  ანუ „დატირება“.

მსოფლიოს საუკეთესო  უამრავ ისტორიულ და ხელოვნების მუზეუმებს შორის არის ვატიკანის მუზეუმები. აქ მდებარეობს ცნობილი სიქსტის კაპელა მიქელანჯელოს ფრესკებით, ვატიკანის პინაკოტეკა, რაფაელის ოთახები, ბორჯიას აპარტამენტები;

კოლიზეუმი - რომის  სიმბოლოს წარმოადგენს.  არსებობს ცნობილი გამონათქვამი -  სანამ  იარსებებს  კოლიზეუმი, იარსებებს რომიც. ის მთელ რომის იმპერიაში  უდიდესი ამფითეატრი იყო და არქიტექტურისა და ინჟინერიის საოცრებას წარმოადგენს.

ფორუმი  და პალატინი რომის იმპერიის სიდიადისა და ძლევამოსილების ნაშთებია; ადგილები სადაც ანტიკური დროის რომის ისტორია იქმნებოდა.  ფორუმი - ძველი რომის  საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი, ანტიკური პერიოდის ეს ნანგრევები რომის ისტორიას გვიყვება.  აქ იყო სენატი, სასამართლო, სასამართლო, ტაძრები და ტრიბუნები.

 პალატინი  ეს ის ადგილია, სადაც ლეგენდის თანახმად ქომულუსმა  დაარსა რომი.

პანთეონი - უმშვენიერესი არქიტექტურული და  ისტორიული ტაძარი რომის ცენტრში, სადაც ცნობილი ადამიანების საფლავებია, მათ შორის რაფაელისა და მეფე ვიქტორ ემანუელის;   ფლორენციის კათედრალური  ტაძრის აშენებამდე პანთეონის გუმბათი მთელ  იტალიაში ყველაზე დიდ გუმბათად ითვლებოდა.  პანთეონს არ აქვს ფანჯარა და ერთადერთი სინათლის წყარო   გუმბათის ცენტრში დატანებული ჭრილიდან აღწევს.

ტრევის შადრევანი -რომის უამრავ ლამაზ შადრევნებს შორის ტრევის შადრევანი ყველაზე პოპულარულია და ბევრ  მნიშვნელოვან ძეგლს უწევს კონკურენციას  რომის ცნობილი ღირშესანიშნაობის წოდებისთვის. სხვადასხვა მითოლოგიური გმირებით და ცენტრში ნეფტუნის უზარმაზარი ქანდაკებით   შთამბეჭდავი შადრევანი პოლის სასახლეს ეკვრის  და მთელ მოედანს იკავებს.

 არ დაგავიწყდეთ შადრევანში მონეტის ჩაგდება და სურვილის ჩაფიქრება, რომ რომში კვლავ დაბრუნდეთ.

ანგელოზის ციხე და ანგელოზთა ხიდი - მდებარეობს ვატიკანის მახლობლად;  ციხე-სიმაგრე რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ძეგლია. თავდაპირველად რომის იმპერატორთა  აკლდამა იყო,  შემდეგ ციხე-სიმაგრე, რომის პაპის რეზიდენციაც   და პაპის ქონების საცავიც. ერთ ხანს  ციხეც კი იყო, აქ პატიმრობაში ყავდათ  ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი ბენვენუტო ჩელინი, რომელიც ციხის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა , რომელმაც  შეუძლებელი შეძლო და საკნიდან გაიპარა. დღეს აქ ძალიან საინტერესო მუზეუმია.

სანტ-ანჯელოს ხიდი საუკეთესოდ შემონახული ანტიკური ხიდია, რომელიც  ბაროკოს პერიოდში მოირთო ბერნინის დიზაინით შექმნილი 10 ანგელოზის ქანდაკებით.   

პიაცა ნავონა  არა მარტო რომის, არამედ მსოფლიოს  ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი, მხატვრებისა და შემოქმედებითი ადამიანების თავშეყრის ადგილია, აქ უამრავი საინტერესო მაღაზიაა. მოედანზე ლორენცო ბერნინის შადრევნებია. საშობაო პერიოდში აქ ბაზრობა იმართება;

ესპანეთის კიბეებირომელიც 137  საფეხურისგან შედგება ბაროკოს პერიოდის ულამაზეს ნაგებობას წარმოადგენს, ტურისტების  და  ადგილობრივების საყვარელი თავშეყრის ადგილია. განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე  იელის ყვავილობისას.

ვენეცის მოედანი და ვიტორიანო  მარადიული ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია. აქ საკმაოდ ბევრი ღირშესანიშნაობაა. მოედნის სიმბოლოა  გაერთიანებული იტალიის  პირველი მეფის ვიტორიანო   II-ის  თეთრი მონუმენტური  ნაგებობა და ვენეციის სასახლე.

ვილა ბორგეზე  და ბორგეზეს გალერეა. გალერეა ბორგეზე მსოფლიო მნიშვნელობის გალერეაა, არც ერთ სხვა გალერეასა თუ საგამოფენო სივრცეში არ ინახება ბაროკოს პერიოდის შედევრები, კარავაჯოს 6 ნამუშევარი და ლორენცო ბერნინიოს 6 სკულპტურა. კარავაჯოს და ბერნინის გარდა გამოფენილია რუბენსის, რაფაელის, ტიციანის უნიკალურ ნამუშევრები.  და კიდევ, პარკში შოთა რუსთაველის ქანდაკებაა!

რომის კატაკომბები - ცნობილი რომაული კატაკომბები ძველი მიწისქვეშა სასაფლაოებია, ებრაული და ქრისტიანული მემკვიდრეობის გამოძახილი. მათი უმრავლესობა   გამოკვეთილია  ტუფში და მდებარეობს რომის უძველესი  დამცავი კედლების პერიმეტრის მიღმა (იმპერატორ აურელიანის კედლები), რადგან  ადრე მიცვალებულთა დაკრძალვა ქალაქის ცენტრში აკრძალული იყო.

ბოკა დელა ვერიტა -  ანუ „ ჭეშმარიტების ბაგე“  ამავე სახელობის მოედანზე პიაცა ლა ბოკა დელა ვერიტაზე მდებარეობს. ანტიკური პერიოდის „ სიცრუის დეტექტორი“  ყველასთვის  საყვარელი  კინოფილმიდან „ რომაული არდადეგები“ გახდა პოპულარული . „ჭეშმარიტების ბაგეში“ ხელის შეყოფა - ეს რიტუალი  ფილმის გამოსვლამდე არსებობდა , მაგრამ  ფილმის მერე უკვე საქვეყნოდ ცნობილი გახდა. როგორც ამბობენ, ცრუ კაცი უხელოდ დარჩებაო, თუმცა ჯერ არავინ  დასჯილა ასე.   დღემდე ათასობით ადამიანი სტუმრობს მას   და ნახვის მოლოდინში დამთვალიერებელთა უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება . მარმარილოს დისკოზე წვერიანი მამაკაცის სახით   ანტიკური პერიოდის ღმერთია გამოსახული.

იმპერატორ დიოკლეტიანეს აბანოები -  რესპუბლიკის მოედანთან ახლოს შემორჩენილია იმპერატორ დიოკლეტიანეს  აბანოების ნანგრევები, მონუმენტური კომპლექსი, რომელსაც თავის დროზე  ბადალი არ ჰყავდა  რომლებიც, როგორც ამბობენ, აგებულია სიკვდილმისჯილი ქრისტიანების მიერ.  ამ აბანოებში 3000 კაცს შეეძლო ერთდროულად ბანაობა.

მაღალ ტურისტულ სეზონზე სასურველია მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები წინასწარ შეიძინოთ (ჩვენი კომპანია სიამოვნებით დაგეხმარებათ ), რაც თავიდან აგაცილებთ რიგებში დგომას.

ტრასტევერე -   ტიბრს მიღმა რომის უძველესი რაიონია. ამ ადგილს ადგილობრივები რომის გულს უწოდებენ. ვიწრო ქუჩებით, კაფეებით, იტალიური კერძების არომატით  გაჟღენთილი და ქუჩის მუსიკოსებით  ახმაურებული  ეს ადგილი გულგრილს არავის ტოვებს.

ის, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იტალიაში, მსოფლიოში ცნობილი იტალიური კერძებია: პიცა, მაკარონი ბოლონეზე, მაკარონი ნაპოლი (ნეაპოლიტანური), ლაზანია, რავიოლი, რიზოთო, ჩიაბატა, ტირამისუ, პანანა კოტე (Panna cotta), ჟელატო ( gelato ანუ იტალიური ნაყინი), ესპრესო, პროშუტო, რიკოტა და ლიმინჩელო. არ მიირთვათ ცენტრში, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში. ფასებიც მაღალია და კერძებიც უგემური.  ეწვიეთ ოჯახური ტიპის კაფეებს  და შეარჩიეთ  იმის მიხედვით, რომელსაც ბევრი ადგილობრივი  კლიენტი ჰყავს.

გირჩევთ ყველგან დააგემოვნოთ ადგილობრივი წარმოების ღვინო, როგორც ბოთლის ასევე ოჯახური წარმოების ჩამოსასხმელი.

გლამურის სურნელი ყველაზე მძაფრად ვია დე კონდოტიზე იგრძნობა. ამ ქუჩაზე შეხვდებით პრესტიჟულ ბრენდებს, როგორიცაა  – Valentino, Armani, Hermès, Cartier, Louis Vuitton, Fendi, Gucci, Prada, Chanel, Dolce & Gabbana და Salvatore Ferragamo. უძველესია ატელიე Bulgari, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. ქუჩის ღირშესანიშნაობაა  სახელგანთქმული კაფე   Antico Caffe Greco, რომელსაც თავის დროზე სტუმრობდნენ ბაირონი, სტენდალი,  ანდერსენი გოეთე, ლისტი, ბალზაკი